
ფობიები და კომპლექსები უორჰოლს ხშირად გენიალურ
ვამპირს უწოდებდნენ, რომელიც მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს, ისრუტავდა
მათ ენერგიას და საბოლოოდ ”სანაგვეზე მოისროდა”. აკი მზის სხივებსაც
ემალებოდა - მთელ დღეებს Factory-ში ატარებდა და თუ შემთხვევით დღის შუქზე
გამოსვლა მოუხდებოდა, მზისგან მუქი სათვალით და შავი ქოლგით იცავდა თავს.
თეთრი, მგრძნობიარე კანი ადვილად ეწვებოდა და უღიზიანდებოდა. თავს
”გამოუსწორებელ” მახინჯად მიიჩნევდა, ნაადრევ სიმელოტეს პარიკებით მალავდა,
რომელთა ნამდვილი კოლექცია ჰქონდა.
ყველასგან შეუმჩნეველი,
მორცხვი ბავშვის კომპლექსი შემორჩა, ბავშვისა, რომელიც ცნობილი ადამიანების
ფოტოებს აგროვებდა. ბიანკა ჯაგერი იხსენებს, ერთ-ერთ წვეულებაზე როგორ
უჩურჩულა აღელვებულმა ენდიმ - თავად უკვე დიდების ზენიტში მყოფმა: ”ხედავ?
ჩემს გვერდით სხედან სტინგი და ელტონ ჯონი! თვალებს არ ვუჯერებ!”.
კარგენის ინსტიტუტში ის ახსოვთ ერთსა და იმავე დიდ სვიტერში გამოწყობილი.
მართალია, მას უყვარს ”ჰიპური” ტანსაცმლის - ” XX საუკუნის შარვლის”,
ჯინსების ტარება, მაგრამ სიამოვნებს უძვირფასეს სამოსში გამოწყობა; თუმცა
ინარჩუნებს დაუდევარი მხატვრის სტილს, რისთვისაც ბრწყინვალე გარდერობს
საგანგებოდ სვრის საღებავის ლაქებით.
საშინლად ფრთხება, თუ
წვეულებაზე კომპანიის გარეშე უწევს წასვლა. ეშინია ყველაფრის, რაც სიტყვა
”ექიმსა” და ”საავადმყოფოს” უკავშირდება - განსაკუთრებით უმწეოა დანტისტის
წინაშე და ლინზების შერჩევისას.
ფობიები უმძაფრდება 1968 წლის
შემდეგ, როცა ”საშინელი ფემინისტი ქალი” ვალერი სოლანისი უორჰოლს ლამის
სასიკვდილოდ დაჭრის. ვალერი მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელია, ის დაჟინებით
თხოვს ენდის, რომ ფილმში გადაიღოს, მაგრამ უორჰოლი მას თავიდან იცილებს.
ესტრიული ქალი Factory-ში დააგდება თავზე, აუღელვებლად ესვრის თავის კერპს
და ასევე აუღელვებლად მიდის პოლიციაში. ამის მერე სრულდება Factory-ის
ბოჰემური ეპოქა, რომელიც ახლა უკვე უსაფრთხოდ აღჭურვილ ჩვეულებრივ ოფისს
ემსგავსება.

თითქმის თანდაყოლილი სიკვდილის
პანიკური შიში უორჰოლის შემოქმედებაში ერთ-ერთ მთავარ მოტივად
ჩამოყალიბდება, რაც განსაკუთრებით მის ნიღაბ-პორტრეტებშია თვალნათელი.
ტირაჟირებული სახეები სხვა არაფერია, თუ არა უსიცოცხლო, გაყინული ნიღბები,
რომლებიც არა ნამდვილ ადამიანებს, არამედ ფეტიშადქცეულ ვარსკვლავებს
წარმოსახავენ. თვითონ მიცვალებულ უორჰოლს მეგობრები ”ა ლა” რობოტის მაკიაჟს
გაუკეთებენ. გარდა იმისა, რომ ეს ”მანქანად ყოფნისკენ” მისი გამუდმებული
ლტოლვის თავისებური სიმბოლო გახლდათ, ამასთანავე თითქოს სიკვდილთან ბოლო
”გახუმრებაც” იყო. ცხოვრებაში კი უორჰოლი სულ უფრო და უფრო ემიჯნება და
იგნორირებას უკეთებს სიკვდილს, თითქოს ამით ამარცხებს მას. ის დედის
დაკრძალვაზეც კი არ წასულა და მეგობრებს მის გარდაცვალებასაცუმალავდა.
წლების განმავლობაში უორჰოლი ასე პასუხობდა ახლობლებს, რომლებიც
მოიკითხავდნენ ხოლმე კარგა ხნის გარდაცვლილ დედამისს: ”არა უშავს, ოღონდ ეგ
კია, საწოლიდაბ ვეღარ დგება”.
ენდი უოჰოლი, რასაკვირველია, არც
თავისი ყველაზე სერიოზული სიყვარულის ( თუ დაეჯერება ამ უდიდესი
ეგოცენტრიკის ჩანაწერებს) - ედი სეჯვიკის დაკრძალვაზეც მისულა.
სუპერვარსკვლავი
ედვი სეჯვიკი - კალიფორნიელი მილიარდელის ულამაზესი ქალიშვილი, რომლის
ფოტოებზეც ნადირობენ მოდების ჟურნალები, ის კი უორჰოლის Factory-დან ფეხს
აღარ იცვლის. ნამდვილი შეშლილი, ”მინი-კაბის დედა”, გამოუსწორებელი
ნარკომანი, უორჰოლის ფემინური სახის ალტერ ეგო და მისი მთავარი ნიმფა,
რომელიც ენდის ფილმების უმეტესობის გმირია და შესაბამისად, ერთ-ერთი
პირველი სუპერვარსკვლავიც. ეს ტერმინი სწორედ უორჰოლის ფილმებში გადაღებული
ადამიანების მისამართით დამკვიდრდა Factory-ში, რაც შემდგომ ჰოლივუდის
ვარსკვლავებზეც გავრცელდა ( ეპითეტებიც - ”სუპერ” და ”ფანტასტიკა” - ასევე
Factory-ს ”პირმშოა” ).
მაგრამ ედი სეჯვიკის ”ვარსკვალვმა დიდხანს
ვერ იკაშკაშა”. ედი მიხვდა, რომ უორჰოლი სერიოზული ურთიერთობებისთვის არ
არის შექმნილი და გარშემო შემოკრებილ ადამიანებში მას მხოლოდ საკუთარი თავი
უყვარს. იგი ტოვებს Factory - ს, ცდილობს, დაანებოს თავი ნარკოტიკებს და
უორჰოლს მკურნალობისთვის ფულს სთხოვს. უორჰოლს ის უკვე აღარ აინტერესებს..
ედი რამდენჯერმე თვითმკვლელობასაც ცდის, საბოლოოდ ნარკოტიკების ჭარბი
დოზისგან მკვდარს პოულობენ - დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში, როგორც
გადაიღო იგი პირველად უორჰოლმა თავის ფილმში ”ლუპე”.
სიყვარული სუბიექტურია ”ყველას საკუთარი წარმოდგენა
აქვს სიყვარულზე. ერთხელ ჩემმა ნაცნობმა გოგომ მითხრა: ”როცა მას აღარ
მოუნდა პირში გათავება, მივხვდი, რომ ვუყვარვარ”, - დაუფარავი ირონიით წერს
უორჰოლი თავის ”ფილოსოფიაში”.
მისი წარმოდგენაც სიყვარულზე ფრიად
ორიგინალურია, თუმცა გაცილებით რომანტიკული, ვიდრე ნაცნობი გოგოსი:
”წარმოსახვაში სიყვარული გაცილებით უკეთესია, ვიდრე ცხოვრებაში. გაცილებით
მგზნებარე ურთიერთლტოლვა წარმოიქმნება ადამიანებს შორის, რომლებიც
ერთმანეთს არ ხვდებიან”.
"კინოსინჯები” ”გოგონები ჩელსიდან”, ”მარიო ბანანა N
1”, ”კინოსინჯები”, ”ხუანიტა კასტროს ცხოვრება”, ”Blow job”... - უორჰოლის
ფილმები სწორედ წარმოსახვაში გრძელდება. 30 წუთიანი, ზოგჯერ კი საათობით
გაჭიმული ფილმები, ფაქტობრივად, ერტი კადრისგან შედგება. მთავარი გმირის
მსხვილი ხედი, პერიოდული ზანტი მოძრაობებით, მასზე ბუნდოვან, მაგრამ
”ფანტაზიის აღმძვრელ” წარმოდგენას იძლევა.
ენდი უორჰოლის კინოზე
საუბრისას ზოგჯერ ”ავიწროებენ” მის დამსახურებას და ძირითადად იფარგლებიან
იმით, თუ როგორ შემოიტანა ტაბუირებული 60-იანელების მიერ აგორებული თემები -
თავისუფალი სექსი, ”გეი-ქოგუნიტისთვის” განკუთვნილი ”მესიჯები”... ამ
მხრივ უორჰოლის რევოლუციონერობა უდავოა, მით უმეტეს, რომ თავის ფილმებს ის
მკაცრი ცენზურის პირობებში ქმნიდა - ხუთიოდე წლით ადრე ე.წ. სტოუნველის
აჯანყებამდე (1968 წ.), როცა პოლიციის მიერ ნიუ-იორკის ”ჰომოსექსუალური
კვარტლის” დარბევის წინ აღუდგა ათასობით გეი, რამაც, ფაქტიურად, დაუდო
სათავე მათი უფლებებისთვის მებრძოლ მოძრაობას. მაგრამ ენდი უორჰოლმა ამავე
დროს შეიმუშავა ალტერნატიული კინოენა, ალბათ, კინოსთვის ყველაზე უფრო
ორგანული - კადრს მიღმა დაანახო (უფრო სწორად, აგრძნობინო) მაყურებელს ის,
რაც დაფარულია, რაც არ ჩანს.
უცნაურია, უორჰოლის ფილმები -
უორჰოლისა, რომელიც თავის შემოქმედებაში მასოვბრივისა და ელიტარულის
შეზავებას ცდილობდა და გახდა კიდეც პოპ-კულტურის მეტრი - დღეს მხოლოდ
სპეციალურ, ექსპერიმენტული კინოს კლუბებსა ან კინომუზეუმებში შეიძლება
ნახოთ. ამერიკული ანდერგრაუნდის ყველაზე ექსტრავაგანტული ფიგურა პრესტიჟული
გალერეების კუთვნილება გახდა. თუმცა ერთხელ მან ჩვეული თვითირონიით
განაცხადა: ”ვერ გამიგია, როგორ უნდა ვიქნებოდე ანდერგრაუნდში, როცა
ყოველთვის მინდოდა გამოსაჩენ ადგილზე ყოფნა”.
ცინიზმსა და ცოცხალ იუმორს შორის ცინიკური
რეპლიკების დიდოსტატი ენდი უორჰოლი საკუთარ თავსაც ყველაზე უკეთ აფასებდა.
საყოველთაოდ ცნობილია მისი ფრაზა:
”ნიუ-იორკში ტუალეტის საზეიმო
გახსნა რომ მოეწყოს, იქაც კი გამოვცხადდებოდი პირველი”.
სხვაშიც,
უპირველეს ყოვლისა, იუმორის გრძნობას აფასებდა:
”ყველაზე მეტად
მხოლოდ ”მაზალო” ადამიანები მაინტერესებდნენ; როგორც კი კარგავენ ისინი ამ
თვისებას, თავს მაბეზრებენ”.
თუ ვინმე შეძლებდა მისი საკადრისი
მწარე იუმორით ეპასუხა, არც ამაზე ბრაზდებოდა, პირიქით - გულიანად იცინოდა.
ერთხელ დაბადების დღეზე ერთ-ერთმა მეგობარმა აჩუქა Van Cleef&Arpel-ის
ულამაზეს პაკეტში შეფუთული საიუველირო ყუთი, რომელშიც მხოლოდ ღია ბარათი
იდო: ”ენდი უორჰოლს დაბადების დღეზე არაფრის მიღება არ სურს”. საქმე ის
იყო, რომ რამდენიმე დღით ადრე უორჰოლმა ჟურნალისტის შეკითხვას - რა
იქნებოდა თქვენთვის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარიო? - უპასუხა:
”არაფერი”.
”არ ვიცი, გადაიხადა თუ არა მან რაიმე შეფუთისთვის. მე
კი ამგვარად შევეჩეხე პირისპირ საკუთარ ფილოსოფიას და გულდაწყვეტილი ვიყავი
(სასაცილოა). ეს შესანიშნავი იყო! ეს უარესია, ვიდრე უბრალოდ გადაყლაპო
საკუთარი სიტყვები - როცა Van Cleef-ის შეფუთვით გიბრუნდება უკან”...
ნივთები და ჩვევები ლამაზი ნივთები ენდი უორჰოლის
ნამდვილი სისუსტე იყო. საერთოდ, ესთეტიზმის განცდა ძალზე გამძაფრებული
ჰქონდა, რასაც ყოფითსა და სტანდარტულშიც ხედავდა - ანუ იმაში, რაც
ურაბნისტული ყოფისთვის არის დამახასიათებელი.
”ყველაზე მშვენიერი
ადგილი - მაკდონალდსი.
ყველაზე მშვენიერი ადგილი სტოკჰოლმში -
მაკდონალდსი.
ყველაზე მშვენიერი ადგილი ფლორენციაში - მაკდონალდსი.
პეკინსა და მოსკოვში ჯერ არაფერია მშვენიერი”.
ტელევიზორი -
სახლში მას რამდენიმე ჰქონდა, რომელთაც ერთად ჩართულს უყურებდა. ბოლომდე
განუხორციელებელი დარჩა ოცნება, ჰქონოდა საკუთარი ტელეგადაცემა, რომელსაც
დაარქმევდა ”არაფერი განსაკუთრებული”;
ტელეფონი - რომელზე საათობით
საუბრითაც იწყებოდა უორჰოლის ყოველი დილა;
მაგნიტოფონი - რაზეც
იწერდა თავის ყველა საუბარს, მათ შორის, სატელეფონოსაც, რის შედეგადაც
დაიბადა წიგნი ”ენდი უორჰოლის ფილოსოფია (ა-დან ბ-მდე და პირიქით) (”ა”
თავად უორჰოლის ინიციალი (Andy), ”ბ” კი - ადრესატი: ტელეფონზე მოსაუბრე
ან საკუთარი თავი).
”უკვე ათი წელია, რაც დავქორწინდით მე და ჩემი
მაგნიტოფონი - როცა ვამბობ ”ჩვენ”, ვგულისხმობ ჩემს თავსა და ჩემს
მაგნიტოფონს... ვცდილობ გავიხსენო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ამიტომაც
დავქორწინდი მაგნიტოფონზე; ამიტომაც ვეძებ ისეთი ადამიანების კომპანიას,
რომელთაც მაგნიტოფონივით ტვინები აქვთ...”, - წერდა უორჰოლი თავის
”დღიურებში”. მისი ჩანაწერები ცალკე შემოქმედებაა, რომელშიც იხატება
პარადოქსული ადამიანის პორტრეტი - ადამიანისა, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ
საკითხებს საკმაოდ უცნაური და უტილიტარული მაგალითებით განსჯის. ამასთან,
რაც უნდა ”დრამატულ თემაზე” საუბრობდეს, არ ავიწყდება ფრჩხილებში მიუთითოს -
3 დოლარი გადაიხადა ტუ 5 დოლარი ტაქსით მგზავრობისას.
ამას
ნიშნავს კაცი, რომლის ნამუშევრები მისსავე სიცოცხლეში 10 ათასობით დოლარად
იყიდება და კაცი, რომელსაც შეუძლია, დაუნანებლად გადაიხადოს 10 000 დოლარი
საპნის ბუშტების გამომშვებ უზარმაზარ აპარატურაში. სხვათა შორის, ეს ფული
უორჰოლმა ნიძლავში მოიგო, როცა ცოცხალი გოჭი თავისი ულამაზესი, ღაჟღაჟა
ფერებით მოხატა…
”არსებობენ ხელოვანნი, რომელთა შემოქმედების
განხილვისას უფრო მეტს თავად ავტორზე საუბრობენ. ასეთი იყო ენდი უორჰოლიც,
რომლის საუკეთესო ნაწარმოები თავად უორჰოლია”.